გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ''სლოვანი'' ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზეა

02 აგვისტო 2023, 10:33 717 ნახვა

ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბოსნიურ „ზრინსკის“ უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა და ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე „სლოვანი“ გავიდა.

ორივე ქართველმა გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. პირველი თამაში სლოვაკეთის ჩემპიონმა სტუმრად 1:0 მოიგო და საპასუხო მატჩამდე უპირატესობა მოიპოვა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, გოლი იურაი კუცკას გადაცემით ალექსანდრ ჩავრიჩმა გაიტანა. 66-ე წუთზე კი შარანი ზუბერუმ ეფექტური გოლით „სლოვანის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. ბოსნიელებმა წონასწორობა 75-ე და 93-ე წუთზე აღადგინეს და საბოლოო ანგარიში 2:2 დასრულდა, რომელიც „სლოვანს“ აძლევდა ხელს.

ორი მატჩის ჯამში „სლოვანმა“ „ზრინსკი“ 3:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა, რითაც ერთ-ერთი ევროპული ტურნირის ჯგუფში თამაში უკვე გაინაღდა.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანი“ „შერიფისა“ და ჰაიფას „მაკაბის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში