მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას - დიპლომატიური კორპუსი აგვისტოს ომზე

07 აგვისტო 2023, 13:23 576 ნახვა

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს  დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დანია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე და მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს.

"15 წლის წინ რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალ ფაზაში. დანია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ – აღნიშნულია განცხადებაში.

აგვისტოს ომთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სლოვენია კიდევ ერთხელ აცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 15 წლისთავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ესტონეთი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

"დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის 15 წლისთავია, ესტონეთი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და მის სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე სამხედრო გაძლიერებას. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას“, -  ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავსტრია სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წელი შესრულდა. ავსტრია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"რუსეთის საქართველოში შემოჭრის მე-15 წლისთავზე, ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობით ხორვატია აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში უსაფრთხოებას და კონსტრუქციული ჩართულობის, მშვიდობიანი გადაწყვეტის მოწოდებით გამოდის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუმინეთის საგარეო უწყების განმარტებით, რუმინეთი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

"საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მე-15 წლისთავი წარმოადგენს ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკულ შეხსენებას. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რუმინეთი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში