მივიღეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რომელიც ადასტურებს, რომ სტიქიამდე ბუბისწყლის ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

09 აგვისტო 2023, 19:34 798 ნახვა

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს რაჭაში, სტიქიამდე გადაღებულ მაღალი ხარისხის სატელიტურ ფოტოებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია სააგენტოს პირველად დასკვნაში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ გლაციოლოგიური და კლდეზვავური ხასიათის პროცესები თავისი ხასიათით კომპლექსურია და კლდეზვავური, მყინვარული მასების ჩამოშლის ზუსტი დროის და ადგილის დადგენა შეუძლებელია.

„სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ სტიქიამდე ან სტიქიის პროცესში მდინარე ბუბისწყლის ხეობაში შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. სააგენტოს სპეციალისტები აღნიშნულს ადასტურებდნენ, მდინარე ბუბისწყლისა და მდინარე ჭანჭახის შესართავთან არსებული წყლის დონეზე დაკვირვების სადგურით, თუმცა პირველადი დასკვნის მომზადების პარალელურად, ჩვენმა სპეციალისტებმა გააგრძელეს სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზი. ჩვენ მივიღეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რომელიც აღწერს და ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია, საკითხი შეაფასონ სპეციალისტებმა და ამის შემდგომ ვესაუბროთ საზოგადოებას.

სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. კლდეზვავის ჩამოშლის შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება გამოიწვია (მიმდინარეობს დამატებითი კვლევები წყლის მოცულობის დადგენასთან დაკავშირებით). ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოცემულ შეფასებებს, მომხდარი სტიქიის კომპლექსურობას და მისი პროგნოზირების შეუძლებლობას. ცნობილია, რომ კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის მრავალ ფაქტორთან დამოკიდებულების გამო, მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ხეობაში არსებული მეტეოროლოგიური სადგურიდან და მეტეოროლოგიური რადარიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მაღალი ინტენსივობის ნალექები არ დაფიქსირებულა.

აქვე, ინფორმაციისთვის, ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს ძლიერი ნალექების, სეტყვის, ძლიერი ქარების, გვალვის, წყალდიდობის, წყალმოვარდნების წინასწარ პროგნოზირების მიმართულებას. რაც შეეხება ხეობაში განვითარებულ გლაციოლოგიური და კლდეზვავური ხასიათის პროცესებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის კომპლექსური თავისი ხასიათით და კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის ზუსტი დროის და ადგილის დადგენა შეუძლებელია“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში