ივნისიდან შევზღუდეთ Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

10 აგვისტო 2023, 16:28 745 ნახვა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.

მათივე განმარტებით, სააგენტო შეისწავლის ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება.

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრთა, ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს. სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.

სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში