ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, სპეკულაციაა, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა - კობახიძე

14 აგვისტო 2023, 11:31 547 ნახვა

ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს, არაერთგზის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ მოსალოდნელია თუ არა შს მინისტრის გადადგომა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზება სწორედ გომელაურის დამსახურებაა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს პირველივე საათებიდან ჰქონდა ყველაფრის ადგილზე ნახვის, იდენტიფიცირების საშუალება და სამწუხაროდ, რეალობა იყო ასეთი - ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა რეალურად შეუძლებელი იყო.

„ამ შემთხვევაშიც, იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული, მათ შორის სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც პირველ რიგში, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება არის. აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო...

 

ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იყო მყისიერად. იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის, ადამიანების კონკრეტულ ლოკაციებზე და ასევე ცხედრების იდენტიფიცირების, რაც თავიდანვე იყო გამოყენებული და ამას განმარტავდა შს მინისტრი. უამრავი სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც უბრალოდ, ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს და ადგილზე გაეცნო ვითარებას, აბსოლუტურად ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ერთი მარტივი მიზეზის გამო - იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა მყისიერად წამოვიდა, ძალიან დიდი სიჩქარით. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვინც მოჰყვა ღვარცოფის მასაში, მას გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა. ფოტოებიც ვრცელდებოდა ადამიანების, ვინც იყვნენ ამ ტერიტორიაზე მოყოლილი, თუმცა ეს იყო ღვარცოფული მასის კიდე, რომელიც წარმოიქმნა. შესაძლებელია იქ სიმაღლე ზოგან 20სმ, ზოგან ნახევარი მეტრი იყო, მაგრამ როდესაც საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ღვარცოფულ მასაში მოყვნენ, მათი გადარჩენა პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს პირველივე საათებიდან ჰქონდა ყველაფრის ადგილზე ნახვის, იდენტიფიცირების საშუალება და სამწუხაროდ, რეალობა იყო ასეთი - ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა რეალურად შეუძლებელი იყო. ვისაც არ მისწვდა ეს ღვარცოფული მასა, მან მოახერხა და თავი დააღწია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, იყო სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს - საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი

„იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.

 

რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ, აქ საუბარია წუთებზე ხომ?!“- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, შოვში მომხდარზე საგამოძიებო პროცესს წარმართავს საქართველოს პროკურატურა.

„სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, იქ არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები, თუმცა აქაც ახერხებს სამწუხაროდ ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა სპეკულირებას, რაც ძალიან სამწუხაროა. არის გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც არ უნდა ეცადო პოლიტიკური ქულების დაწერას, მათ სცადეს პოლიტიკური ქულების დაწერა მთელი ამ დღეების განმავლობაში, თუმცა უკან შეუბრუნდათ ეს ყველაფერი. იმდენად ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, რომ არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირებას, რომლებითაც სპეკულირება უბრალოდ არ შეიძლება“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში