ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული ან ჩაფლული, ვერტმფრენს რომ არ შესძლებოდა, ბიჭები შევიდოდნენ და აუცილებლად ამოიყვანდნენ - გომელაური

14 აგვისტო 2023, 12:33 692 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟურნალისტებთან მისი გუშინდელი განცხადება დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ვერტმფრენებთან დაკავშირებით.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ საუბარი იმაზე, რომ სტიქიის ზონაში ვინმეს გადარჩენის შანსი იყო და მას არ უშველეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე განცხადებით, გარდა ვერტმფრენებისა, ადგილზე მაღალტექნოლოგიური დრონებითაც მუშაობდნენ, დღის შუქზევე დაათვალიერეს სტიქიის ზონა და ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან მიწის მასაში მოყოლილი, მაშველები აუცილებლად გამოიყვანდნენ.

„მინდა ჩემი გუშინდელი განცხადება განვმარტო ვერტმფრენებზე, რომელზეც აჟიოტაჟი ატყდა. მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ, რომ ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალება. შეუძლია ვთქვათ თბილისის აეროპორტიდან აფრინდეს და ჩაფრინდეს ქუთაისში, ან სხვა აეროპორტში, საიდანაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს, მაღალ სიმაღლეზე. შეუძლია ასევე ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილას. სადაც არის მთები და რაც მოხდა აქ, ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით ექვსი საათისთვის, 5 წუთზე არ გამომეკიდოს არავინ. გუშინ რომ გამოხტნენ და ატეხეს ამბავი. მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათ, ვინც გუშინ განცხადებები აკეთეს რაღაც უაზრო.

 

ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე და ხალხის გამოყვანა დაიწყო, იმ ხალხის, რომელიც კუნძულზე მოხვდა, დაახლოებით 70 ადამიანამდე. ეს ხალხი გამოიყვანეს და ამასთან ერთად მუშაობდა რამდენიმე დრონი თავისი სითბურებით, რომელიც ვერტმფრენზე ბევრად უკეთ ხედავს. მუშაობდა 5-6 მაღალტექნოლოგიური დრონი დაბალ და მაღალ სიმაღლეებზე. კითხვას ვსვამ, ვერტმფრენიდან უფრო დაინახავდა პირობითად ღამე, თუ ღამის ხედვით და სითბური დრონებით?! ის, რომ ადამიანი იყო ჩარჩენილი, დღის შუქზევე დათვალიერდა ტერიტორია, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, ვგულისხმობ, რომ ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან დაჭრილი, ან ჩაფლული, ვერტმფრენს რომ არ შესძლებოდა, ბიჭები შევიდოდნენ და აუცილებლად ამოიყვანდნენ. მადლობა მაშველებს კიდევ ერთხელ რაც გააკეტეს“, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მმართველ გუნდში მისი გადაყენების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

გომელაურმა უპასუხა კითხვას, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს მაშინ, როდესაც თავად სტიქიის ადგილზე არ იმყოფებოდა. მინისტრის განმარტებით, პროცესში ყველა ჩართული იყო, გადაწყვეტილებებს კი თავად იღებდა.

„ჩემი თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი. დაახლოებით 9 წელია თანამდებობაზე ვარ. უსაფრთხოების სამსახურში რომ დავბრუნდი, ასჯერ მაინც ვარ გადაყენებული ოპოზიციის განცხადებებით. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი ისე იქნება“, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, სტიქიის ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26%, რაც შესამოწმებელია.

მისივე განცხადებით, ძიების შედეგად იპოვეს მანქანა, რომელიც ცარიელია. მეპატრონეები დაკარგულებად ითვლებიან და მიმდინარეობს მათი ძიება.

„თათბირი ჩატარდა, კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიხლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო. როგორც ვიცით, პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს.

დაიგეგმა ასევე, ეს რომ დამთავრდება, შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, სამუშაოები მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება. ამაზე მერე დეტალურად გაკეთდება განცხადება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში