„მანჩესტერ სიტიმ“ ევროპის სუპერთასი მოიგო

17 აგვისტო 2023, 10:09 518 ნახვა

„მანჩესტერ სიტიმ“ უეფა-ს სუპერთასი მოიგო „სევილიასთან“ ურთულეს მატჩში. ევროპის ლიგის გამარჯვებული ენ-ნესირის გოლით 25-ე წუთიდან იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმის შუაში ინგლისელებმა კოულ პალმერის ზუსტი თავურით გაათანაბრეს ანგარიში.

ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. ბოლო, მეათე პენალტი ნემანია გუდელმა გააფუჭა და „სიტიმ“ 5:4 მოიგო. ინგლისის ჩემპიონმა პირველად მოიგო ევროპის სუპერთასი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 11 გათამაშებიდან 10-ში ეს პრიზი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა აიღო. მხოლოდ მადრიდის „ატლეტიკომ“ დაარღვია ეს ტრადიცია, როცა 2018 წელს სუპერთასისთვის „რეალი“ დაამარცხა.

პეპ გვარდიოლამ მეოთხედ მოიგო სუპერთასი და ეს სამ კლუბთან ერთად გააკეთა: „ბარსელონასთან“ 2009 და 2011, „ბაიერნთან“ 2013 წლებში და ახლა, „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად. სულ კი ესპანელ მწვრთნელს 36 ტიტული დაუგროვდა. ესპანელებმა ამ პრიზისთვის მეექვსედ ითამაშეს და მეხუთედ წააგეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში