საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ზესტაფონთან გვირაბების გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს

17 აგვისტო 2023, 16:22 565 ნახვა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზესტაფონთან გვირაბების გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ამჟამად, გვირაბში მიმდინარე სამუშაოები გაცდენილია დასახლებულ ტერიტორიას და მიმდინარეობს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით.

"გვსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გასულ სიუჟეტს, სოფელ ფუთის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თემაზე არაერთხელ გაკეთდა განმარტებები, სიუჟეტებში არ ასახულა საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიცია.

იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ზესტაფონის სოფელ ფუთთან გვირაბის გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბი #3-ზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის განხორციელების პროცესში საცხოვრებელი სახლების ტექნიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, ჩატარდა გვირაბის 250 მეტრიან დერეფანში არსებული ყველა შენობის წინასწარი კვლევა (სოფელ ფუთში). თაბაშირებით მოინიშნა ყველა ნაგებობის იმ დროისათვის არსებული ბზარები.

გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ახალი ავსტრიული, ე.წ. NATM მეთოდით, როგორც მცირე მუხტის აფეთქებების, ისე ექსკავაციის და სხვა მეთოდების გამოყენებით.

სამუშაოების პირველივე დღიდან, წარმოებს ვიბრაციის მუდმივი მონიტორინგი

ვინაიდან, ვიბრაციის მონიტორინგის შედეგების მიუხედავად, მოსახლეობა წუხდა ვიბრაციის მაჩვენებლების გადაჭარბებაზე, სამუშაოებით გამოწვეული ვიბრაციის გადამოწმება, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაუკვეთა უახლესი აპარატურით აღჭურვილ, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელ ცენტრს.

2022 წლის 12 აპრილს, ხიდსაცდელმა ცენტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებისა და ფუთის მოსახლეობის თანდასწრებით, ვიბრაციის კვლევა ჩაატარა გვირაბთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლებზე. კვლევის შედეგად, ვიბრაციის მაჩვენებელი იყო მინიმალური და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

2022 წლის 8 და 9 აგვისტოს, ვიბრაციის დამატებითი კვლევა, ასევე, ჩატარდა ფუთის ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლზე. ვიბრაციის გადაჭარბება არც ამ შემთხვევაში დაფიქსირდა.

ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში, სოფელ ფუთში, ჩიტორელიძეების უბნის მაცხოვრებლების თხოვნით, შემოწმდა საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობაც. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევის თანახმად, არცერთ საცხოვრებელ სახლზე არ დადგინდა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა.

გვირაბი N3-თან მდებარე უახლოეს, გვირაბიდან 63 მეტრში მდებარე სახლზე, ვიბრაციის კვლევა, 2023 წლის 27 აპრილსაც ჩატარდა. ვიბრაციის მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც იყო მინიმალური.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელმა ცენტრმა ვიბრაციის კვლევა ჩაატარა 2023 წლის 12, 19, 24, 31 მაისსა და 01 ივნისსაც. შედეგების მიხედვით, ვიბრაციის მაჩვენებელი კვლავ ნორმაში იყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს მუდმივ მონიტორინგს, ხოლო #3 გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, განმეორებით მიმართავს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სოფელ ფუთის საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის და მათზე მიმდინარე სამუშაოების ზეგავლენის დადგენის მიზნით.

ამჟამად, გვირაბში მიმდინარე სამუშაოები გაცდენილია დასახლებულ ტერიტორიას და მიმდინარეობს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოებას მიაწოდონ ობიექტური, გადამოწმებული ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში, გვექნება საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათი მიზანი არა გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, არამედ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების ინტერესების გატარებაა, რაც მხოლოდ მოსახლეობის დაშინებას და რიკოთის პროექტის დისკრედიტაციას ემსახურება"- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში