შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო - ჯანდაცვის სამინისტრო

23 აგვისტო 2023, 11:52 736 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შაქრიანი დიაბეტის „ტიპი 1“ დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მეოთხე თაობის მოწყობილობა – Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია.

"როგორც მესამე, ისე მეოთხე თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.

Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია შვიდი წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან არ გაიცა რეკომენდაცია შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში Guardian 4-ის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სისტემა 7-18 წლის მოზარდებისთვის გაიცემა. შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი Guardian 3 სენსორების გაცემა გრძელდება.

სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს ასაკის დაწევისა და მეოთხე თაობის აპარატით შვიდ წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

რაც შეეხება სმარტფონებს, განცხადებით მომართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია 18 წლამდე ასაკის ორი ან მეტი ბენეფიციარი“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში