უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან – სალომე ზურაბიშვილი ყირიმის სამიტზე

23 აგვისტო 2023, 17:51 623 ნახვა

ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე; რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომი აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა მიუღწეველია, თუ არ გავრცელდება ლისაბონიდან თბილისამდე.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, ვინაიდან უკრაინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას გააგრძელებს, რასაც 2022 წლის თებერვლიდან აკეთებს.

"ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ ამ გადამწყვეტ დღეს და საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. დღეს სამიტი კიდევ ერთხელ იკრიბება უკრაინის 18-თვიანი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთის ბოლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ეს ომი რუსეთის იმ უცვლელი მცდელობების გაგრძელებაა, რომელიც მეზობლების გაყოფის, ოკუპაციის, დაპყრობის, მუქარებისა და იმპერიული ძალების ისტორიულ რეალობას შეესაბამება. ის, რაც დღევანდელ ევროპაში კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად ჩნდება და ამ ბარბაროსული ანაქრონიზმის წინააღმდეგ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.

ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა - გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.ზღვა, რომელიც არ შეიძლება დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელიც მზადაა საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს.

ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე, ლისაბონიდან თბილისამდე. ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.

ვინაიდან უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას გააგრძელებს, რასაც 2022 წლის თებერვლიდან აკეთებს. ეს ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა ხალხმა ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება) აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული.

ამდენად, ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება.

ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ თქვენი ხალხის გამძლეობით უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს და გახდება ხვალინდელი უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საყრდენი. საქართველო იქნება თქვენთან ისევე, როგორც ახლა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უკრაინაში ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტი გაიხსნა. სამიტი წელს მესამედ ტარდება და შერეულ ფორმატში წარიმართება.

ყირიმის სამიტზე სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და ლიდერები განიხილავენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში