24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო 2023, 09:51 730 ნახვა

დღეს საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც საქართველო აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიაში. უზენაეს კანონს მხარი 159-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 წინააღმდეგი წავიდა.

1993 წლის 16 თებერვალს სახელმწიფოს მეთაურმა და ამავდროულად პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც შემდგომ უზენაესი კანონი შეიმუშავა. ჯგუფი სულ 118 წევრისგან შედგებოდა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად, 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. წლების განმავლობაში დოკუმენტმა არაერთი ცვლილება განიცადა.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად დეკლარირებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში