ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს საჯარო სკოლებში, ისარგებლებს 500 ლარიანი დანამატით - თორნიკე რიჟვაძე

24 აგვისტო 2023, 14:55 913 ნახვა

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ახალი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერებს და შესაბამის სამსახურებს მიმართა, რომ როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საორგანიზაციო ნაწილში გატარდეს შესაბამისი სამობილიზაციო სამუშაოები. ინფორმაციას აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მასწავლებელთა წახალისებისა და სწავლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ახალი პროგრამების და ინიციატივების დანერგვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა 300 ათასი ლარი.

ასევე აღნიშნავენ, რომ პროგრამის მიზანია მასწავლებელთა წახალისება და ეფექტურად სწავლების შედეგების გაზრდა. გაგრძელდება ახალი პროგრამების დანერგვა, ინიციატივების, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების ეფექტიანობის გაზრდას და აამაღლებს პედაგოგთა მოტივაციას. ასევე, უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული კოლეჯების პროფესორ მასწავლებლების მსგავსად, საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში და დაუფინანსდებათ პროექტებში მონაწილეობა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელთა მხარდაჭერის კუთხით, შეიქმნას ცალკე ფონდი, რომლის საწყისი ოდენობა შეადგენს 300 ათას ლარს. იმედი მაქვს, ეს დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას. ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს საჯარო სკოლებში, ისარგებლებს 500 ლარიანი დანამატით.

 

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების და ლექტორების გარდა, საჯარო სკოლების მასწავლებლებიც ისარგებლებენ და დაუფინანსდებათ სრულად საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მოტივაციის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში აისახება მომავალი თაობის განათლების ხარისხზე“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე, ახალი სკოლების მშენებლობა. 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 25 მლნ. ლარიდან 33 მლნ. ლარამდე გაიზარდა. წელს განხორციელდება 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში