შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

30 აგვისტო 2023, 10:01 509 ნახვა

შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები 28-ე დღეა გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. საძიებო არეალი გაფართოებულია და ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, ასევე სტიქიის ეპიცენტრს და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.

რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გრძელდება ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოები.

"სამძებრო ღონისძიებებო კვლავ გრძელდება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, სადაც ჩართულია ყველა უწყება და გაგრძელდება, ვიდრე იქნება მცირედი თეორიული შანსი დაკარგული მოქალაქეებია პოვნის. არეალი გახლავთ უშუალოდ კურორტ შოვის ტერიტორია, ასევე გრძელდება საძიებო სამუშაოები მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტში გუმათჰესამდე“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 31 ადამიანი იმსხვერპლა. მათგან 29, იდენტიფიცირებულია. ორი გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად, ექსპერტიზა ტარდება. ამ დროის მონაცემებით, დაკარგულია 2 მოქალაქე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში