შოვში სტიქიით დაზარალებული პირები, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ - მთავრობის ადმინისტრაცია

30 აგვისტო 2023, 15:33 531 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 23 საკითხი განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.

მათივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში.

„მთავრობის წევრებმა ასევ განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის შესახებ. განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს. ილტოს ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავს ისტორიული მნიშვნელობა ექნება. განხორციელდება ილტოს წყალსაცავის მშენებლობის განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, წყალსაცავის მშენებლობის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ჩათვლით. მორწყვის სეზონზე მოხდება მდინარე ალაზნის აუზში არსებული წყლის დეფიციტის შევსება, ამასთან, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება ქვემო და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის 40 000 ჰექტარ ფართობზე“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში