პრეზიდენტის იმპიჩმენტი აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას, რომ ვუფრთხილდებით კონსტიტუციას, ეს არის სწორედ ევროპულობა - შალვა პაპუაშვილი

01 სექტემბერი 2023, 14:49 561 ნახვა

პრეზიდენტის იმპიჩმენტი არათუ შეუშლის ხელს, არამედ პირიქით, აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას, რომ ვუფრთხილდებით კონსტიტუციას, ეს არის სწორედ ევროპულობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციაზე დგას.

„აქ საუბარია ნებისმიერი სახელმწიფოს უმარტივეს, საბაზისო პრინციპებზე. ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო დგას საკუთარ კონსტიტუციაზე. ეს არის ძირითადი კანონი, რომელიც კრავს მთელ საზოგადოებას. შესაბამისად, აქ ჩვენ საკითხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, დაირღვა თუ არა განზრახ ჩვენი კონსტიტუცია. ეს არის მნიშვნელოვანი. წინასწარ განსაზღვრული იყო თუ არა ეს დარღვევა და უნდა ჰქონდეს თუ არა რეაქცია სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს საკუთარ კონსტიტუციას, დემოკრატიას და ხალხის მმართველობას. ამიტომ ეს არათუ ხელს შეუშლის, არამედ პირიქით, აჩვენებს კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ევროპულობას, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს კონსტიტუციას. ეს არის სწორედ ევროპულობა და არა პირიქით, რომ კონსტიტუციის დარღვევას შეიძლება, რაიმე საერთო ჰქონდეს ევროპულ მისწრაფებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით,  არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს.

მისივე განცხადებით, იმპიჩმენტზე კენჭისყრა იქნება გარკვეული ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ყველას მოუწევს, გადაწყვეტილება საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს.

" ვფიქრობ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაც იქნება, საკითხის სიმარტივიდან გამომდინარე, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა და ამის პირობაზე თუკი ვინმე მიიღებს ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, ესეც მათთვის პოლიტიკურად მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაარქვან არდარღვევა. ეს იქნება კიდევ ერთი-ერთი ნიუსპიკი, რომელსაც ბოლო პერიოდში შეეჩვია ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, როდესაც ომს არქმევენ მშვიდობას და ტერმინებს ატრიალებენ, მწამებელს არქმევენ დაზარალებულს, ადამიანს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, დაარქვან პოლიტპატიმარი. აქაც გამორიცხული არ არის, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაარქვან არდარღვევა. ამიტომ რადიკალური ოპოზიციისგან გამორიცხული არაფერია. კიდევ ერთხელ, ეს იქნება მომენტი, გარკვეულწილად ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ყველას მოუწევს,  ეს გადაწყვეტილება საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში