სეტყვა კახეთში

03 სექტემბერი 2023, 14:15 803 ნახვა

კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ახმეტაში, თელავში, ყვარელში, გურჯაანსა და სიღნაღში მოუკრეფავი ვენახების ნაწილი 100 პროცენტით არის განადგურებული. დასეტყვილია საზამთროსა და ნესვის ბაღები, ასევე სხვა ერთწლიანი კულტურები.ქარიშხალმა ათეულობით საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა თქვა, რომ მუნიციპალიტეტები ყველა იმ ოჯახს დაეხმარება, ვის სახლსაც ქარმა სახურავი გადახადა ან სხვა ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა, ასევე სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და ერთ კილოგრამში გადაუხადოს 90 თეთრი.

„დელტას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია, მათივე ინფორმაციით დამატებითი ძალები იქნა მობილიზებული კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, სამუშაო პროცესი კი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში.

ცნობისთვის, კახეთის ხუთივე მუნიციპალიტეტში დილიდან მუშაობენ მაშველები და ენერგოკომპანიების თანამშრომლები. დაწყებულია ინფრასტრუქტურული ზიანის აღწერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში