მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი მაინც გაემგზავრა ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა - შალვა პაპუაშვილი

04 სექტემბერი 2023, 11:58 572 ნახვა

მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი მაინც გაემგზავრა ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან არის სერიოზული დარღვევა და მიიღეს გადაწყვეტილება, მოხდეს იმპიჩმენტის პროცესის ინიცირება.

„იმპიჩმენტის საკითხს ნაკლები ემოციებითა და საღად უნდა შევხედოთ. პირველი, ვფიქრობ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ დისკუსიას რაც ვაკვირდებით, არავინ უარყოფს, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტის განხორციელება იყო კონსტიტუციის დარღვევა.

 

მეორე – ეს იყო კონსტიტუციის გაზრახ დარღვევა, ვინაიდან პრეზიდენტმა მიმართა ამ თანხმობისთვის, მიიღო უარი და მიუხედავად უარისა, მაინც გაემგზავრა ამ ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა. და მესამე, ეს არის არსებითი დარღვევა კონსტიტუციის, რადგან საქმე გვაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს კომპეტენციებში შეჭრაში, როდესაც კონსტიტუციის მიხედვით, უნდა იყოს მთავრობის თანხმობა, თანხმობის არმიღების მიუხედავად ხდება ამ კომპეტენციის განხორციელება. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ მხრივ არის სერიოზული დარღვევა და აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს იმპიჩმენტის პროცესის ინიცირება.

 

რაც შეეხება შემდგომ პროცესს, მომზადდება წარდგინება. 50 დეპუტატის ხელმოწერა არის საჭირო, რათა წარდგინება გაეგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სასამართლოს აქვს ერთი თვე, რათა საკუთარი სამართლებრივი დასკვნა შეადგინოს ამ საკითხზე და მოაწოდოს პარლამენტს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ სამართლებრივად ჩვენ საქმე გვაქვს კონსტიტუციის დარღვევასთან, პარლამენტში იქნება კენჭისყრა იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მართალია, მესმის ოპოზიციის კომენტარები, რომ არ აპირებენ მხარის დაჭერას, მაგრამ იქნება კენჭისყრა და მაშინ მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, მთავრობის კომპეტენციაში იჭრება პრეზიდენტი, მაშინ როცა მისი თანხმობის გარეშე ახორციელებს საგარეო ვიზიტებს.

მისივე განმარტებით, ქართველმა ხალხმა მოქმედ მთავრობას მისცა ლეგიტიმაცია, წარმოადგინოს საგარეო ურთიერთობებში, ქართველ ხალხს პრეზიდენტისთვის ეს უფლებამოსილება არ მიუნიჭებია.

კითხვაზე, დაიწყებს თუ არა ვაჭრობას სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიცია, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია თავად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგება.

„მე ვერ გეტყვით, რას აპირებს ოპოზიცია. ოპოზიციისგან, რომელიც თავად ეწინააღმდგება კონსტიტუციას, შეგახსენებთ, რომ ეს ის ოპოზიციაა, რომელიც არჩევნებს არ აღიარებდა, არათუ კონსტიტუციას, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს იმის, რომ ისინი კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ თავად არის ამ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც  თავს აყენებს ხშირად კონსტიტუციის მიღმა, ამიტომ მათი მხრიდან კონსტიტუციის რამენაირი მხარდაჭერა ნაკლებად წარმოსადგენია. რაც შეეხება შესაძლო ვაჭრობას ხმებთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით. ჩვენთვის ემოციების გარეშე მთავარია ერთი რამ: ჩვენი შეხედულებით, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, არამხოლოდ დარღვება, განზრახ უხეში დარღვევაა კონსტიტუციის. სწორედ ამიტომ იმსახურებს იმპიჩმენტის პროცესს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში