გამოვდივარ ინიციატივით, გამოვაცხადოთ ამნისტია საქმეებზე, რომელიც ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკანონოდ დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს - პრემიერი

11 სექტემბერი 2023, 14:36 520 ნახვა

პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს.

„წლების განმავლობაში დაგროვდა შემდეგი სახის პრობლემა. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში. მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კონსულტაცია პროკურატურასთან და პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე.

ახლა მინდა განვმარტო თუ რას ვგულისხმობთ - ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362 მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე. ამნისტიის ფარგლებში, ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. აქვე მინდა განვმარტო, რომ ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში, საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ეკვივალენტური თანხის გადახდის გზით. მინდა ვთხოვო ბატონ რეზო ჯაველიძეს, მთავრობის სხდომის შემდეგ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს, თუ რას გულისხმობს აღნიშნული ამნისტია. ეს პროექტი გაკეთებული გვაქვს, ამ პროექტს გადავუგზავნით პარლამენტს და როგორც მოგახსენეთ, ამნისტია გაათავისუფლებს ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს. ძალიან ბევრი გაუგებრობა წარმოიქმნა ამის შედეგად. ვინც დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, მათ შეეხებათ, თუ არ დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, ის გადაიხდის შესაბამისი ღირებულების თანხას და ამით მოგვარდება ეს საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში