წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაორმაგება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა - გიორგი ამილახვარი

11 სექტემბერი 2023, 16:59 725 ნახვა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცახადებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაორმაგება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

განათლების მინისტრის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც უახლოეს მომავალში სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების პაკეტი მოჰყვება.

"დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერის ინიციატივით გამოცხადდა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. სახელმწიფო სტიპენდიების არსებობის ისტორიაში, პრაქტიკულად პირველად ხდება თანხისა და რაოდენობის გადახედვა იმ სტუდენტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება მაღალია, შრომობენ, არიან კრეატიულები, ნიჭიერები, ხვდებიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის სტატუსში. დღეს მთავრობამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მრავალი წელია, არ ყოფილა. სტუდენტებს ნაცვლად 150 ლარისა, სტიპენდია უორმაგდებათ და 300 ლარით განესაზღვრებათ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თუ აქამდე პროგრამით სარგებლობდა 2 500 ჩვენი წარჩინებული სტუდენტი, დღეს უკვე გაორმაგებული თანხის პირობებში ისარგებლებს 5 000 სტუდენტი. რეალურად, როგორც რაოდენობაში, ისე თანხაში გვაქვს ორმაგი მატება. ბუნებრივია, ეს არის და იქნება მიმართულება, რომელსაც მთავრობასთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად დაუჭერს მხარს მომავალი თაობების, წარჩინებული სტუდენტების მხარდასაჭერად. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად მოჰყვება სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების პაკეტი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისივე განმარტებით, აქამდე პროგრამა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეხებოდა და დღეს გამოცხადებული სტიპენდიებიც წარჩინებულ სტუდენტებზე გაიცემა. ასევე აღნიშნა, რომ სტიპენდიების მისაღებად შემუშავებულია კრიტერიუმები, პრიორიტეტი მიენიჭებათ და ეგრეთ წოდებულ დამატებით ქულებს მოიპოვებენ ის წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც გარკვეულ სოციალურ ჯგუფს განეკუთვნებიან, მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანი ოჯახებიდან.

"აქამდეც ეს პროგრამა ეხებოდა იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება კრიტერიუმებს, სტიპენდიები შეეხება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს. ამის თაობაზე მოგვიანებით სამინისტრო ჩემს ბრძანებას გამოაქვეყნებს, სადაც გაწერილია ქულათა შკალები, რა ქულის შემთხვევაში მიენიჭება სტუდენტს სტიპენდია. გარდა აკადემიური მოსწრებისა, სტიპენდიის მინიჭების წესში ასევე განისაზღვრება სტუდენტების სოციალური პირობებიც. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. სტუდენტი შეიძლება იყოს დევნილი, მრავალშვილიანი ოჯახიდან, სოციალურად დაუცველი. ამიტომ, ეს დამატებითი კომპონენტებია, რომლებიც აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მათ ეგრეთ წოდებულ, დამატებით ქულებს ანიჭებთ და მეტი პრიორიტეტი მიენიჭებათ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრმა საზღვარგარეთ  უნივერსიტეტებში სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა.

„განათლების საერთაშორისო ცენტრის ისტორიაში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა მისი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, ჯამში, 1000-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა ყველაზე წარმატებულ მსოფლიოს უნივერსიტეტებში. ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია  ადამიანური კაპიტალის შექმნის თვალსაზრისით. ბუნებრივია, შემდეგ ეს ადამიანები უბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას და სხვადასხვა წარმატებულ ადგილებზე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში აგრძელებენ მოღვაწეობას. ახლა ვმუშაობთ, რომ უფრო დივერსიფიცირებული გავხადოთ ეს პროგრამა და გარდა მაგისტრატურებისა, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ პირებს შევთავაზოთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები საზღვარგარეთ იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში გვაქვს. წლევანდელი კონკურსები დასრულებულია, თუმცა უკვე დავიწყეთ მზადება კონცეფციის შექმნაზე და შესაბამისი ბიუჯეტის განსაზღვრა შემდეგი წლისთვის. ეს გულისხმობს, რომ ერთი მხრივ, გაფართოვდება მაგისტრანტების დაფინანსება საზღვარგარეთ, ასევე, დიდი წილი დაეთმობა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ 5 000 წარჩინებული სტუდენტი სახელმწიფოსგან 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში