მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები, წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, 150-ზე მეტი ოჯახი დაექვემდებაროს გასახლებას - გიორგი ურუშაძე

12 სექტემბერი 2023, 11:54 619 ნახვა

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გეოლოგების წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, 150-ზე მეტი ოჯახი დაექვემდებაროს გასახლებას.

გიორგი ურუშაძემ მოუწოდა ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე უარს აცხადებენ, შესაბამისი პირების რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

„სტიქიის ზონაში ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები. ყველა უბანში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ჩართულია როგორც სპეციალური ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ცხელი ხაზი ფუნქციონირებს როგორც მუნიციპალიტეტებში, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. ხდება ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ურიგდება. ამ ეტაპზე 600-ზე მეტ ოჯახს გაეწია ჰუმანიტარული დახმარება...

147 ადამიანია გაყვანილი სასტუმროში, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს. სამწუხაროდ, რჩებიან ოჯახები, რომლებიც მიუხედავად თხოვნისა და რეკომენდაციისა, უარს აცხადებენ საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო, მოვიწოდო მათ, გადავიდნენ უსაფრთხო გარემოში, დროებით საცხოვრისს უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტი.

ადგილზე მუშაობენ გეოლოგების ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად შეისწავლიან ყველა ადგილს, სადაც მოხდა სტიქია და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს. გეოლოგების წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, 150-ზე მეტი ოჯახი დაექვემდებაროს გასახლებას. გეოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე გვექნება შესაძლებლობა, ზუსტი ციფრები ვთქვათ“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში