ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა - პროკურატურა

12 სექტემბერი 2023, 15:58 615 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ გ.მ.-ს სააპელაციო საჩივარი და განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს, გ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე შეფარდებული სასჯელი ¼-ით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე - მკვლელობის, ცრუ ჩვენების მიცემის, დანაშაულის დაფარვისა და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით 7 პირია მსჯავრდებული“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში