ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა

13 სექტემბერი 2023, 11:05 1529 ნახვა

ბათუმში, სამართალდამცავებმა დააკავეს პირი, რომელმაც წუხელ ღამით ლერმონტოვის ქუჩაზე სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში გვიან ღამით შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფული მოითხოვა. სუპერმარკეტის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილას მისულ სამართალდამცავებს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიციის ათამდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა.

ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გასროლა განახორციელა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს.

მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში