დავალიანება გაუნულდებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და არა შეწყვეტილი - გიორგი ამილახვარი

15 სექტემბერი 2023, 16:13 581 ნახვა

დავალიანება გაუნულდებათ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და არა შეწყვეტილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტუდენტს ხუთი წელი აქვს უფლება, ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი.

"კანონის შესაბამისად, სტატუსის შეჩერების ვადა არის ხუთი წელი. სტუდენტს ხუთი წელი აქვს უფლება, ფინანსური დავალიანების თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი. ხუთი წლის გასვლის შემდეგ სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი და ეროვნული გამოცდებით ხელახლა უწევს ამისი მოპოვება. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღებული გვაქვს მაქსიმალური ვადა, ხუთი წელი. შესაბამისად, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული და არა შეწყვეტილი, მათ შეეხებათ გადაწყვეტილება, რადგან შეწყვეტილზე აზრი აღარ აქვს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, სტუდენტებს უფლება აქვთ, სწავლა დაიწყონ და სტატუსი აღიდგინონ მაშინ, ვიდრე ექნებათ ვადა, სტატუსშეჩერებული სტატუსი ჰქონდეთ.

„ვალს გავუნულებთ ყველა ბოლო ხუთი წლის სტატუსშეჩერებულ სტუდენტს. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, სტატუსს როდის აღიდგენენ. შესაძლებელია, ეს იყოს წელსვე – გვინდა ასე მოვასწროთ. იმიტომ გამოცხადდა დღეს, რომ წლევანდელ სასწავლო წელსვე შეძლონ სწავლის დაწყება. თუ ამას ვერ შეძლებენ, მათ ვალი ჩამოწერილი, განულებული ექნებათ და კანონით ვიდრე ექნებათ ვადა, სტატუსშეჩერებული სტატუსი ჰქონდეთ, მაშინ აღიდგენენ სტატუსს – იქნება ეს მომავალ წელს თუ იმის შემდეგ წელს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისივე თქმით, ყველა უნივერსიტეტთან ექნებათ კომუნიკაცია საკითხების უსწრაფესად მოსაგვარებლად.

"პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ ვალი. შესაბამისად, ვისაც სწავლის გაგრძელების სურვილი აქვს, უფლება მიეცემა, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი და განაგრძონ სწავლა. ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ახალგაზრდა თაობებისთვის, სტუდენტებისთვის, რათა მიიღონ ხარისხიანი განათლება და შემდეგ თავიანთი ცხოვრება, კარიერა გააგრძელონ. მე და ფინანსთა მინისტრს პრემიერისგან დაგვევალა, რომ აქტიური მუშაობა დავიწყოთ ყველა უნივერსიტეტთან სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურის შესაქმნელად, მათ შორის სტუდენტების კვოტებთან, საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, რასაც ორშაბათიდანვე შევუდგებით. ყველა უნივერსიტეტთან გვექნება კომუნიკაცია ამ საკითხების უსწრაფესად მოსაგვარებლად“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში