საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე ტუნისთან დაწინაურდა

16 სექტემბერი 2023, 10:10 568 ნახვა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები, დევისის თასზე, მსოფლიო ჯგუფი ორში, ტუნისის ნაკრებს ეთამაშება. ტურნირის პირველ დღეს ორმა ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ და ზურა ტყემალაძემ ერთეულებში წარმატებით ითამაშეს. ფურცელაძემ ტუნისელი მოწინააღმდეგე ორ სეტში დამაჯერებლად, 6:1, 6:4 დაამარცხა, ტყემალაძემ კი აზიზ დუგაზი სამ სეტში 3:6 7:6 6:4 სძლია.

პირველი სათამაშო დღის შემდეგ ანგარიშია 2:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ამ წყვილში გამარჯვებული 2024 წლისთვის მსოფლიო ჯგუფი ერთის პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

დღეს დევისის თასზე, საქართველოსა და ტუნისის ნაკრებებს შორის ჯერ წყვილთა შორის მატჩი გაიმართება,  შემდეგ კიდევ ორი დაპირისპირება ერთეულთა თანრიგში. გამარჯვებული ის ნაკრები იქნება, რომელიც სამ მატჩს მოიგებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში