ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა შვეიცარიაში

17 სექტემბერი 2023, 14:44 667 ნახვა

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში. გამოფენაზე წარმოდგენილია ფიროსმანის 46 ნამუშევარი, რომელთაგან 45 შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის, ერთი ნამუშევარი კი სოფელ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდანაა.

ექსპოზიციის ფარგლებში სრულიად ახლებურად არის წარმოდგენილი ე. წ. ფიროსმანის ოთახი, რომელიც დამთვალიერებელს, ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის ფონდის ფოტომასალის, იმ პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციებისა და გამოცემების საშუალებით  ფიროსმანისა და, ზოგადად, იმდროინდელი თბილისის ცხოვრებაზე მოუთხრობს. ნიკო ფიროსმანის გამოფენას ბეილერის ფონდი მომავალი წლის 28 იანვრამდე უმასპინძლებს.

გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბეილერის ფონდის, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და „ინფინიტ არტის“ თანამშრომლობითა და ორგანიზებით შედგა.

გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში