საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

19 სექტემბერი 2023, 10:01 557 ნახვა

საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანა სესილია გერვასმა მოაწერეს ხელი.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, ნიუ იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

„ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში