აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ხოჯავანდის რაიონში ტერაქტის მოწყობაში სდებს ბრალს, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაცია ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს

19 სექტემბერი 2023, 12:49 411 ნახვა

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხურ მხარეს ხოჯავანდის რაიონში, ფიზლუ-შუშას გზაზე ტერაქტის მოწყობაში სდებს ბრალს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გზაზე დამონტაჟებული ნაღმის ამოქმედების შედეგად სატვირთო მანქანა აფეთქდა, რასაც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, ნაღმი სომხური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დივერსიულმა ჯგუფმა დადო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით განთავსებული არიან რუსი მშვიდობისმყოფელები.

მანამდე, აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხოჯავანდის რაიონში აჰმედბეილი-ფიზული-შუშას გზაზე ტერაქტის შედეგად აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს ორი თანამშრომელი დაიღუპა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაცია აზერბაიჯანული მხარის აღნიშნულ ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში