უნივერსიტეტების რექტორებმა დადებითად შეაფასეს პრემიერის გადაწყვეტილება, რის შედეგადაც 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება - გიორგი ამილახვარი

21 სექტემბერი 2023, 14:40 510 ნახვა

უნივერსიტეტების რექტორებმა დადებითად შეაფასეს პრემიერის გადაწყვეტილება და ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს, რის შედეგადაც 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება, -ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, კერძო უნივერსიტეტებს შეთავაზეს არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა .

ამილახვარის განმარტებით, ამ ორ უნივერსიტეტს მოცემულ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო დაახლოებით 1000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავთ. მათ ამ ეტაპზე ვერ გაუნულდებათ დავალიანება, რადგან ამ უნივერსიტეტებს თანამშრომლობა არ სურთ.

„გვქონდა კომუნიკაცია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა დავალიანების განულების თაობაზე. შევხვდით ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა ეს გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს, რის შედეგადაც 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სტუდენტებს არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მათ სრულად გაუნულებენ არსებულ დავალიანებას. ამ ისტორიული გადაწყვეტილების ფარგლებში კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ. ჩვენი ბაზების თანახმად, ამ ორ უნივერსიტეტს მოცემულ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო დაახლოებით 1000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავთ. მათ ამ ეტაპზე ვერ გაუნულდებათ დავალიანება, რადგან ამ უნივერსიტეტებს თანამშრომლობა არ სურთ“, - აცხადებს მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში