ბრალდებულს, რომელმაც ლიფტში კაცი მოკლა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

22 სექტემბერი 2023, 11:35 506 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 22 მარტს, თბილისში, მუხიანის დასახლებაში,  ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში დაზარალებულს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში  მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ  ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.  

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- განმარტავენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში