პირველ ოქტომბერს, ბრუნო მარსის კონცერტის გამო, ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ავტობუსების ნაწილი 2:00 საათამდე იმუშავებს.
„როგორც იცით, პირველ ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული, ქართველი მსმენელისთვის ძალიან საყვარელი მომღერალი, ბრუნო მარსი თავის ბენდთან ერთად წარდგება მსმენელის წინაშე. სასიხარულოა, რომ ეს ემთხვევა თბილისობის დღესასწაულს. მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივდეს კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობა კონცერტის ღამეს, ღამის ორ საათამდე.
ეს მნიშვნელოვანია, რათა ხელი შევუწყოთ კონცერტზე მისულ ადამიანებს, რომ მოახერხონ სახლში დროულად დაბრუნება. ღამის ორ საათამდე იმუშავებენ: ნომერი 306, 308, 311, 315, 320, 327, 381, 384, 386. აღნიშნულ მარშრუტებზე ავტობუსები საღამოს რვა საათიდან გახანგრძლივებული დროის ჩათვლით იმოძრავებენ პიკის პერიოდში დაგეგმილი ინტერვალებით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რათა ხელი შევუწყოთ კონცერტზე მისულ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.