ჩვენ რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, კოლაფსი იქნებოდა ყველა მიმართულებით - პრემიერი

28 სექტემბერი 2023, 14:37 551 ნახვა

როგორც ლატვიის პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ რომ დაგვეწესებინა ეროვნული სანქციები რუსეთისთვის, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა კი არ გვექნებოდა, გვექნებოდა 10%-იანი ვარდნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ესეც მორიგი შეუთავსებლობაა და წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის გაცხადებულ პოლიტიკასთან, ჩვენ ვთქვით, რომ არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, არ გაგვიკეთებია, არ გადაგვიდგამს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

„როგორც ლატვიის პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ რომ დაგვეწესებინა ეროვნული სანქციები რუსეთისთვის, კი არ გვექნებოდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა ქვეყანაში, კოლაფსი იქნებოდა ყველა მიმართულებით. ბიუჯეტი, ბოლო სამი წელია, რამდენჯერმე გავზარდეთ, ახლაც გავზრდით, ხვალ მთავრობაზე გაგვაქვს კორექტირებული ბიუჯეტი, ასე რომ, მიუღებელია. კიდევ ერთი მინდა, ვთქვა, რომ ქალბატონ პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აბსოლუტურად არაფერი. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო ათ წელიწადში, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არავის, არც პრეზიდენტს და არც ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შეთანხმდნენ ფრენების აღდგენაზე და გააუქმეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ დაეთანხმა უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენაზე რუსეთის გადაწყვეტილებას და გაფორმდა შეთანხმება, საქართველოს მთავრობის სახელით კი, არავითარი მოლაპარაკებები არ გამართულა.

„ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. ძალიან მარტივად არის საქმე, მაგას პატარა ბავშვი მიხვდება. მანამდე, გაგახსენებთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს ერთი. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. რა თქმა უნდა, მოხდა ამ შეთანხმების გაფორმება საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო, ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის რუსულ კომპანიებს. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი, რა სკანდალი ნახეთ ამაში, რა აღმოაჩინეთ. მანამდე, თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება.

დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, ეს არის დადასტურება იმის, ფაქტის, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და უვიზო რეჟიმს დაუწესებს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ კარგი ნაბიჯია, რადგან რაც წაადგება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, კარგია. ეს ჩუმად, ფარულად არ გაგვიკეთებია. ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ დავეთანხმებით და დავეთანხმეთ კიდეც და გავაფორმეთ შეთანხმება. ვთქვით, რომ მხოლოდ არანსაქცირებული კომპანიები, არასანქცირებული თვითმფრინავები და კომპანიები იფრენენ. არავითარი მოლაპარაკება. არავითარი მოლაპარაკებები მთავრობის სახელით არ გამართულა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ დაამოწმა და მოიწონა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში