ბიუჯეტი ეზრდებათ შსს-ს, თავდაცვას, ხელფასების ზრდა გათვალისწინებული იქნება ბაღების თანამშრომლებისთვის - პრემიერი

29 სექტემბერი 2023, 14:40 782 ნახვა

ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს,თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული.

"ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას. რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, მაღალი ტემპებით წავა მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 225 მილიონი ლარიმიემართება. ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა პრემიერმა.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე, 10%-ით.

"ძალოვნებისთვის, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში, თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში, პოლიციაში, ჯარში და სპეცსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს, ყველას, გაეზარდა ბოლო ორ წელიწადში 30%-ით, ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და გავაგრძელებთ წახალისებას ჩვენი საჯარო მოხელეების და მათი ხელფასების ზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში