"დინამო" ბათუმმა ქობულეთის "შუქურა" დიდი ანგარიშით დაამარცხა

02 ოქტომბერი 2023, 16:48 991 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში აჭარული დერბი შედგა. ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ქობულეთის "შუქურა" ნომინალური მასპინძლის როლში "დინამო" ბათუმს დაუხვდა და დიდი ანგარიშით 0-6 დამარცხდა.

მე-14 წუთზე გიორგი ზარიამ პენალტიდან ანგარიში გაიხსნა. 22-ე წუთზე "შუქურას" კარში ისევ პენალტი დაინიშნა, ამჯერად მისი ზუსტად რეალიზება გიორგი წიტაიშვილმა მოახერხა.

11 წუთში ღუდუშაურმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და ანგარიში 0-3 გახდა. ტაიმის დარჩენილ დროში კი წიტაიშვილმა კიდევ ორი ბურთის გატანა მოახერხა.

პირველი ტაიმი კი ბათუმელების გამარჯვებით 0-5 დასრულდა. მეორე ნახევარში ერთადერთი გოლი გავიდა. პენალტის ნიშნულიდან საბოლოო ანგარიში 0-6 იაკობსენმა დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი "დინამო" 62 ქულით გათამაშების ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობს. "შუქურა" კი 8 ქულით ისევ ბოლო პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო ტურში "დინამო" 8 ოქტომბერს გასვლაზე თბილისის "საბურთალოს" ეწვევა, ხოლო "შუქურა" წყალტუბოში "სამგურალს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში