თუ დავინახეთ, რომ წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინეს პრეზიდენტი, სასამართლო უფლებამოსილია, განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე მისი გამოცხადება - მერაბ ტურავა

03 ოქტომბერი 2023, 12:07 565 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტი შეიძლება, იყოს წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ ვფიქრობ, ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილ განხილვაში, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა.

როგორც მერაბ ტურავამ აღნიშნა, იყო მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდებოდა.

"როგორც მოვისმინეთ ტელევიზიებით, სალომე ზურაბიშვილი ნდობას უცხადებს თავის ორ წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, შეიძლება პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მაგრამ ვფიქრობ, ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებით, პრეზიდენტი შეძლებდა ჩვენთან იმ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარს, რომელსაც უშუალოდ აწარმოებდა, ვიზიტებისას. კარგი იურისტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდებიან, რა თქმა უნდა, ისინი სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრებენ, მაგრამ ჩვენ, კანონიდან გამომდინარე, ვიხილავთ არა მარტო სამართლებრივ საკითხებს, არამედ ასევე ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, პრეზიდენტის ვიზიტებს, პრეზიდენტის საქმიანობას, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას“, - განაცხადა ტურავამ.

მისივე თქმით, საკითხები და შინაარსი იმ ვიზიტებისა, რომელიც გაიმართა რამდენიმე ქვეყანაში, არის სწორედ ის გარემოებები, რომელზეც სრულყოფილი ინფორმაცია აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს.

„დღევანდელ სხდომაზე, ჩვენ თუ დავინახეთ, რომ წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინეს პრეზიდენტი და თქვეს – არ ვიცი, ვერ გეტყვით და ა.შ, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე მისი გამოცხადება.  ნების საწინააღმდეგო ნიშნავს იმას, რომ შეიძლება პრეზიდენტმა თქვა, რომ მე არ ვესწრები სხდომას, მაგრამ თუ სასამართლომ მიიღო განჩინება, პრეზიდენტის გამოცხადების შესახებ სასამართლოში, ამ შემთხვევაში ის უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. უნდა მოვიდეს სასამართლოში. ეს არის ის, რასაც ჰქვია ნების საწინააღმდეგოდ და არა იძულებითი მექანიზმების განხორციელება. შესაბამისად, არ ვიცი, მარტო მე არ ვღებულობ გადაწყვეტილებას. ეს არის კოლეგიალური ორგანო, ცხრა მოსამართლისაგან შედგება. გასაგებია, რომ იურისტების არიან კვალიფიციური, მათ ექნებათ სამართლებრივ საკითხებზე კითხვებზე პასუხები, მაგრამ რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, კონკრეტულად ვიზიტების შინაარსს, იქ განხილულ საკითხებს და სხვა ისეთ გარემოებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტმა შეიძლება, იცოდეს, ამ კითხვებზე, ვფიქრობ, ისინი სრულყოფილ პასუხს სავარაუდოდ ვერ გაგვცემენ“, - განაცხადა ტურავამ.

მისივე თქმით, სასამართლომ უნდა განიხილოს მთლიანობაში ის ფაქტები, რომელიც არის კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული.

"კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ ის ახორციელებდა საგარეო ასპარეზზე, ქვეყნის გარეთ წარმომადგენლობას და ამ წარმომადგენლობების შინაარსი სასამართლოსთვის შეიძლება, იყოს საინტერესო. წინასწარ ვერ გეტყვით, როგორ და რა ფორმით წარმოადგენენ პრეზიდენტის წარმომადგენლები თავიანთ პოზიციას, რამდენად სრულყოფილი იქნება მათ მიერ პრეზიდენტის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე წარმომადგენლობა. მიუხედავად მათი კვალიფიკაციისა, შეიძლება, ისეთი საკითხები წარმოიშვას, რომელზეც მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდეს პასუხი და აქედან გამომდინარე, სასამართლო არ არის შეზღუდული, მას შეუძლია, პროცესის ნებისმიერ მონაწილეს დაუსვას შეკითხვა და მიიღოს პასუხები, რომელიც ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად, დასკვნის გამოსატანად იქნება მისთვის რელევანტური“, - განაცხადა ტურავამ.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში