პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

03 ოქტომბერი 2023, 15:08 580 ნახვა

დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია? - სამი საათია საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. გადაწყვეტილება 9 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა მიიღოს. სხდომას ყველა მათგანი ესწრება.

საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. როგორც აღნიშნეს, პრეზიდენტიც და მისი წარმომადგენლებიც მოქმედებენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამიტომ სხდომაზე არდასწრება პრეზიდენტის მხრიდან არანაირად არ არის უპატივცემულობის გამოხატულება. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე მუხლის მესამე პუნქტით, რაც პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელების უფლებას ანიჭებდა.

ამ პროცესს ასევე ესწრება წარდგინების 5 ავტორი, მათ შორისაა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ ეთქვა პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ და "ეს იყო მატერიალური საფუძველი, რის გამოც პრეზიდენტს ვიზიტის განხორციელებაზე უარი ეთქვა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ კობახიძე წარდგინების თემას გასცდა. მან შუამდგომლობა დააყენა, რომ მათაც მიეცეთ იმ საკითხებზე ხედვების წარდგენის შესაძლებლობა, რაზეც კობახიძემ ისაუბრა. საპასუხოდ, მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ მხარეებს სიტყვის წარმოთქმის საშუალება ექნებოდათ შეუზღუდავად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში