ქობულეთის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად 10-მდე მეწყრული კერა განვითარდა - ტერიტორიიდან 7 ოჯახი გაიყვანეს

04 ოქტომბერი 2023, 16:47 776 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად, ორი დღის განმავლობაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 10-მდე მეწყრული კერა განვითარდა. სტიქიის სალიკვიდაციო კომისია მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლის. გუშინ და დღეს მერიის ცხელ ხაზზე, 150-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. 

ქობულეთის მერის ლევან ზოიძეს განცხადებით, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გაყვანილია შვიდი ოჯახი. როგორც ლევან ზოიძე აცხადებს, ამ ეტაპზე ბუნებრივი აირი, სოფელ სახალვაშოს და სოფელ ჩაისუბანს არ მიეწოდება. რაც შეეხება ელექტრო ენერგიას და სასმელ წყალს, ამ მხრივ მუნიციპალიტეტში შეფერხება არ ფიქსირდება.

ქობულეთის მერის და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, სოფელ კვირიკეში, იმ ადგილას, სადაც ადიდებულმა მდინარემ ხიდი ჩაანგრია და გზა დააზიანა, დროებითი ხიდი მოეწყობა, შემდგომ კი ადგილზე ახალი ხიდი აშენდება. მათივე განმარტებით, მანამდე მოსახლეობა ალტერნატიული გზით ისარგებლებს. 

როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მუნიციპალიტეტში გზების უმეტესი ნაწილი გაწმენდილია. მათივე თქმით, ამ დროისთვის სოფელ სახალვაშოში და სოფელ ციხისძირში 8-ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში