საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული განხილვა დასრულდა

06 ოქტომბერი 2023, 09:18 556 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა გუშინ დასრულდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, სასამართლოს პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება.

"ადვილი არ იყო სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა, მაგრამ როგორც იქნა, ყველა ეტაპი გავიარეთ და შესაბამისად, „17 - 97“ კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ამით დავასრულეთ. შესაბამისად, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნა გაეგზავნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 3 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავდა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროცესს არ დასწრებია. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში