ისრაელში "ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს - ღაზა 413 დაღუპულის შესახებ იუწყება

09 ოქტომბერი 2023, 09:58 605 ნახვა

"ჰამასის" თავდასხმების შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა. გატაცებულია 100-ზე მეტი ადამიანი - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მთავრობა ავრცელებს.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროც ავრცელებს. უწყების ცნობით, 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 2300-ს აჭარბებს.

ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა. რამდენიმე რაკეტა ისროლეს პალესტინელებმა, ქალაქ აშკელონის მიმართულებით.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მასიური ავიადარტყმები განხორციელდა ღაზის ქალაქ შეჯაიას 150-მდე ობიექტზე. როგორც თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ქალაქი შეჯაია არის „ტერორის ბუდე“, რომელსაც „ჰამასი“ იყენებს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად.

ისრაელის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ 260-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა მუსიკალურ ფესტივალზე. როგორც სამაშველო სამსახურში განმარტავენ, გარდაცვლილთა რაოდენობა სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება. 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში