ისრაელი ყველა მძევლის გატავისუფლებამდე ღაზის ბლოკადას არ მოხსნის

12 ოქტომბერი 2023, 12:00 578 ნახვა

ისრაელის ცენტრალურ ნაწილსა და დასავლეთ სანაპიროზე საჰაერო განგაშის ხმა ისმის. რკინის გუმბათის სისტემამ ქალაქ ტაიბეს მიმართულებით გაშვებული რაკეტა მოიგერია, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ მონაცემები  არ ვრცელდება.

ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობამ  გადაწყვიტა  აღარ დაასახელოს  მოგერიებული რაკეტების რაოდენობა, რადგან ვარაუდობენ, რომ ასეთი ინფორმაცია ჰამასს დაეხმარება. ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე  ღაზის სექტორში ჰამასის გვირაბების ქსელის განადგურებაა.

მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ღაზის ხელისუფლებაში ჰამასის მოსვლის შემდეგ აშენდა, გამოიყენება ტვირთების გადასაზიდად  და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციების დასაგეგმად და განსახორციელებლად. ისრაელის ხელისუფლების ვარაუდით,  ჰამასის ბოევიკებს  გატაცებული  მძევლები სწორედ ამ გვირაბებში ჰყავთ დამალული. ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი ჰამასის ბოევიკებს ულტიმატუმს უყენებს. 

ისრაელი  არ მოხსნის ღაზის ბლოკადას, სანამ  ჰამასის ბოევიკები ყველა მძევალს არ გაათავისუფლებენ. ღაზას აღარ მიეწოდება წყალი, სურსათი, საწვავი, ელექტროენერგია. 150-მდე  მძევლის ბედი ამ დრომდე უცნობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში