ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 2700-მდე გაიზარდა - ისრაელი 1 400 დაღუპულის შესახებ იუწყება

16 ოქტომბერი 2023, 10:15 764 ნახვა

ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 2700-მდე გაიზარდა - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 1000 ადამიანი ნანგრევებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ისრაელის მხარეს კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1400-ს აჭარბებს. ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთი უკვე დატოვა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა. ამავე დროს ღაზის სექტორი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა - ტერიტორიაზე სულ უფრო და უფრო იგრძნობა წყლის, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი. არ არის ელექტროენერგია. გაერო-ს მონაცემებით, ათასობით პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ისრაელმა ღაზის მოსახლეობას ჩრდილოეთ ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდა, რადგან "ჰამასთან" ომის შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება. ისრაელის სამხედროების განცხადებით, ლიბანში "ჰეზბოლას" მიერ ისრაელის არმიის პუნქტებზე თავდასხმების საპასუხოდ შეტევები განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში