საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე მიღებული დასკვნა გამოაქვეყნა

16 ოქტომბერი 2023, 17:01 618 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე მიღებული დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე (№1797 კონსტიტუციური წარდგინება), გამოაქვეყნა დასკვნა და დაადგინა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორების არგუმენტაციით, საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური სისტემისა და მმართველობის საპარლამენტო მოდელის პირობებში, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე ექსკლუზიურად უფლებამოსილ ერთადერთ კონსტიტუციურ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენს. მათი პოზიციით, კონსტიტუციური კანონმდებლის ასეთი მიდგომა ასახულია სახელისუფლებო განშტოებებს შორის კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილებათა გამიჯვნითა და დანაწილებით, ისევე როგორც რიგი კონსტიტუციურ სამართლებრივი ნორმებით, მათ შორის, უწინარესად, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესით, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კონსტიტუციური წარდგინების ავტორები აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციითვე დადგენილი საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის არარსებობის მიუხედავად, საზღვარგარეთ განახორციელა სამი სამუშაო ვიზიტი. წარდგინების ავტორთა მითითებით, საქართველოს პრეზიდენტმა ზემოხსენებული ვიზიტებით, ერთი მხრივ, განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობათა სფეროში, ხოლო, მეორე მხრივ, აწარმოა მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტებთან, რაც წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას და, კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, ქმნიდა იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველს.

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მოწვეული იყო კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვის სხდომაზე, არ გამოცხადდა. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს და საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია სასამართლოს წარუდგინეს მისმა წარმომადგენლებმა.

მათი აზრით, პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც მართალია, საზოგადოდ პრეზიდენტის სტატუსს შეეხება, მაგრამ მისი მესამე პუნქტი პრეზიდენტის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. შესაბამისად, მიიჩნიეს, რომ კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი გულისხმობს და პრინციპულად უშვებს პრეზიდენტის მხრიდან საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას მთავრობის თანხმობის გარეშეც.

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთა განმარტებით, პრეზიდენტს მხოლოდ მაშინ ესაჭიროებოდა მთავრობის თანხმობა, როდესაც მისი აქტივობა საგარეო ურთიერთობათა სფეროში გასცდებოდა მთავრობის ოფიციალურ კურსს და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. მათივე მტკიცებით, პრეზიდენტი მოქმდებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, რაც ასევე გამორიცხავდა მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა მხრიდან, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის მტკიცება უსაფუძვლო იყო და პრეზიდენტი განხორციელებული სამუშაო ვიზიტების დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 78-ე მუხლით, ხოლო 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევაზე მითითება არარელევანტური იყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ, უწინარეს ყოვლისა, განხილვის საგნის სპეციფიკურობისა და მისი სრულყოფილი კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასების მიზნებისთვის, პირველ რიგში, გამოიკვლია და დაადგინა ფაქტები, ხოლო შემდეგ სამართლებრივად შეაფასა ისინი კონსტიტუციის ყველა რელევანტურ ნორმასთან მიმართებით. სასამართლომ ფაქტების დადგენის ნაწილში გამოიყენა „ცხადი და დამაჯერებელი მტკიცებულების“ სტანდარტი.

მტკიცების ამ სტანდარტის გამოყენებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში, მთავრობის თანხმობის გარეშე, განახორციელა სამუშაო შეხვედრები საზღვარგარეთ საგარეო პოლიტიკურ საკითხზე.

რაც შეხება ხსენებული ფაქტების სამართლებრივ შეფასებას, საკონსტიტუციო სასამართლომ გაანალიზა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი და მისი ადგილი ხელისუფლების დანაწილების სისტემაში. კონსტიტუციის სტრუქტურის, კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებისა და რელევანტური კონსტიტუციური ნორმების სისტემური განმარტებისა და ურთიერთკავშირის საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მმართველობის საპარლამენტო მოდელის გათვალისწინებით, წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურას, რომელიც არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ამასთანავე, განმარტა რა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე (პრეზიდენტის სტატუსი) და 52-ე (პრეზიდენტის უფლებამოსილებანი) მუხლები, სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის სტატუსის შესაბამისი უფლებამოსილებანი საგარეო ურთიერთობებში გათვალისწინებულია მხოლოდ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ხოლო 49-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზიდენტის სტატუსის თითოეული ასპექტი, ისევე როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლი, დამოუკიდებლად, პრეზიდენტის რაიმე უფლებამოსილებას არ ადგენს. სასამართლოს განმარტებით, საკუთრივ კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს რომ პრეზიდენტის ნებისმიერი უფლებამოსილება კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმით იყოს პირდაპირ და სახელდებით გათვალისწინებული.

ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, განმარტა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისა და მოლაპარაკების წარმოების კონსტიტუციური შინაარსი, მათი ძირითადი მახასიათებლები და კრიტერიუმები, ასევე ხაზი გაუსვა ამ სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და დაადასტურა, რომ არსებული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეოპოლიტიკური აქტივობა წინდაწინვე სავალდებულო წესით ექვემდებარებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის არსებობას; რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში შეიჭრეს და დამოუკიდებელი, პარალელური საგარეო პოლიტიკა განახორციელოს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „მთავრობისგან თანხმობის მიღება“ გულისხმობდა მთავრობასთან სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებში შეთანხმებული მოქმედების ვალდებულებას პრეზიდენტისათვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააზუსტა, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ნაგულისხმები არ იყო და ვერც იქნებოდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა შემთხვევებში, როდესაც პრეზიდენტის შესაბამისი აქტივობა არ შეესაბამებოდა საგარეო პოლიტიკის სფეროში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ძირითად მიმართულებებს, რის გამოც, საფუძველი არ გააჩნდა მტკიცებას, რომ თითქოს პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა არ ესაჭიროებოდა, როდესაც მისი ქმედება ამ მიმართულებებს შეესაბამებოდა და მთავრობის პოლიტიკას აცდენილი არ იყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ უშუალოდ კონსტიტუციურ წარდგინებაში იმპიჩირებად ქმედებად მიჩნეულ, პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ სამ სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, პრეზიდენტის რანგში, განახორციელა საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს წარმომადგენლობა და სამივე შემთხვევაში აწარმოა მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტებთან საგარეო პოლიტიკურ საკითხზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციურობის შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, რამდენადაც იგი კონსტიტუციურ ორგანოებს „საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“ ავალდებულებდა ყველა შესაძლებელი ზომის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებისათვის, რაც იმას გულისხმობდა, რომ ეს მუხლი საქართველოს პრეზიდენტსაც მხოლოდ „საკუთარი უფლებამოსილების“ ფარგლებში მოქმედების მანდატს ანიჭებდა და შესაბამისად, ამ მიმართულებით ნებისმიერი საქმიანობაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა საგარეო ურთიერთობათა სფეროში საქართველოს წარმომადგენლობას, ვრცელდებოდა კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა მთავრობისგან თანხმობის მიღების თაობაზე.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონსტიტუცის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით. თავისთავად ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზნს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, ვერ გაანეიტრალებდა მას ან/და და ვერ შესძენდა იმდენად უმნიშვნელო ხასიათს, რომელიც იმპიჩმენტურ ბრალდებას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლიდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საპრეზიდენტის ფიციც, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დადო, ავალდებულებდა მას საქართველოს კონსტიტუციის დაცვას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის საჭიროება, რაც არაერთი გარემოებით მტკიცდებოდა და, ამასთანავე, ემყარებოდა გონივრულ პრეზუმფციას, რომ იგი გარკვეული იყო/უნდა ყოფილიყო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და პასუხი გასცა სხვა არაერთ სამარლებრივ საკითხს, რაც კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენის დროს იქნა პროცესის მონაწილეების მხრიდან დაყენებული.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დასკვნით დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, პირველ და 6 სექტემბერს, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს „კონსტიტუციის დარღვევას“ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისათვის.

განხილვის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით“,- აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დასკვნაში.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში