ჩვენი მიზანია, გავხადოთ ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო - ჯუანშერ ბურჭულაძე

17 ოქტომბერი 2023, 17:41 530 ნახვა

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერებას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლოდ განსაზღვრული პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს ძველი საბჭოთა პერიოდის ტექნიკის მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ტექნიკით ჩანაცვლება და აქცენტი კეთდება ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების შესყიდვაზე.

"როგორც წარსულმა გამოცდილებამ და თანამედროვე ომის სპეციფიკამ დაგვანახა, სამხედრო დაპირისპირების დროს, თავდაცვითი ამოცანების შესრულებისა და ჩვენი კრიტიკული
ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ამ კომპონენტის გაძლიერება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, 2022 წელს დასრულდა რაფაელის წარმოებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მოდერნიზება და გაფორმდა ხელშეკრულება დამატებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის (სპაიდერი) შესყიდვაზე, ხოლო ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ფინალურ ეტაპზეა სახელშეკრულებო მოლაპარაკებები ხელით გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვაზე.

„ნატო-ს წევრ და ასევე პარტნიორ ქვეყანასთან გაფორმებულია ხელშეკრულებები მოკლე და შორ მანძილზე მოქმედების თანამედროვე დრონსაწინააღმდეგო სისტემების, ასევე ხელით გადასატანი დრონების აღმომჩენი და ჩამხშობი სისტემების შესყიდვაზე,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გასულ წლებში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა ჯაველინების ორ პარტიად შესყიდვის პროცესი და მიმდინარეობს ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის დამატებითი რაოდენობის შესყიდვა.

მისივე განცხადებით, გაფორმებულია ხელშეკრულებები ხელის ჯავშანსაწინააღმდეგო ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით შესყიდვაზე გერმანიასა და ესპანეთთან, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვედურ მხარესთან ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მულტიფუნქციური სისტემების შეძენაზე.

მინისტრმა არტილერიის გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

"მიმდინარეობს ღონისძიებები საარტილერიო სისტემების ცეცხლის დროულობისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლად. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ კონტრბატარეული რადარების შესყიდვებისა და არსებული საარტილერიო საშუალებების მოდერნიზების მიმართულებით. საარტილერიო საშუალებების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ამოცანაა ნატოსთან თავსებადი საარტილერიო სისტემების შეძენა. მომავალში მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემებისა და შორი მანძილის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების შესაძენად“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების კუთხით.

"გასულ წლებში განახლდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც განვაგრძობთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ავიაცია ფაქტობრივად, იყო დაუკომპლექტებელი. სულ რაღაც ოთხ წელიწადში ჩვენ მოვახერხეთ, რომ დღეს ჩვენს ავიაციას უკვე გამართულ მდგომარეობაში ჰყავს SU–25-ები, UH-1H ტიპის შვეულმფრენები, ასევე MI- 8, MTV და MI–24-ის ტიპის შვეულმფრენები. ჩვენ ასევე დავიწყეთ სასწავლო-საბრძოლო L39 თვითმფრინავების და AN-2-ების, ასევე სასწავლო თვითმფრინავების აღდგენა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარების პროექტზეც ისაუბრა.

„ჩვენიერთ-ერთი ამბიციური პროექტია დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარება. თქვენ იცით, რომ ჩვენ პოლონურ კომპანიასთან ერთად შევქმენით ერთობლივი საწარმო. ჩვენ მივყვებით გეგმა-გრაფიკს, რაც დავისახეთ მიზნად. წლის ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ გვექნება ეროვნული წარმოების დრონები, შექმნილი „დელტას“ მიერ, „დელტა-ვებეს“ ბაზაზე. დამატებით მინდა გითხრათ, რომ დრონების ეროვნული წარმოების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ წამყვანი ქვეყნების მწარმოებლებიდან მაღალტექნოლოგიური საშუალებების შეძენას“, - განაცხადა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხზეც ისაუბრა. მისივე განცხადებით, თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში