ღაზის სექტორში საავადმყოფოში ჩავარდნილ რაკეტას ასობით ადამიანი ემსხვერპლა

18 ოქტომბერი 2023, 10:23 808 ნახვა

ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოში ჩავარდნილ რაკეტას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხალხი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი.

მომხდარზე პასუხისმგებლობას "ჰამასი" ისრაელს აკისრებს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ აფეთქებასთან კავშირი არ აქვს და მომხდარის მიზეზად პალესტინელების მიერ წარუმატებლად გაშვებულ რაკეტას ასახელებს.

ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა.

იორდანიაში დედაქალაქის, ამანის დასავლეთ ნაწილში ქუჩებში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. იორდანელები ამანში ისრაელის საელჩოში შეჭრას ცდილობენ. აქციის დასაშლელად იორდანიის უშიშროების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრაციები გაიმართა ლიბანშიც, სადაც აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოსთან სცადეს უსაფრთხოების ბარიერების გარღვევა.

მედიის ცნობით, ერაყში მომიტინგეებმა სცადეს ხიდის გადაკვეთა, რომელიც მწვანე ზონამდე მიდის, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა მათ ხელი შეუშალეს. საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა თეირანში საფრანგეთისა და ბრიტანეთის საელჩოებთან. დემონსტრაციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ისპაჰანსა და ყუმში.

ისრაელში დღეს ჯო ბაიდენს ელოდებიან. თუმცა ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო პრეზიდენტი იორდანიაში აღარ ჩავა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ სამიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში