"აგროკრედიტის" პირადი ინტერესებით გამოყენების და ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე 14 პირი ამხილეს

18 ოქტომბერი 2023, 10:50 639 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 14 პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ 2019-2022 წლებში სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან მიღებულ იქნა საერთო ჯამში 1 421 000 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებასა და ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას.

დადგენილ იქნა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულების მიერ თანხები გამოყენებულ იქნა არამიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის, ხოლო დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, მათ მიერ დამზადებულ იქნა ყალბი შესყიდვის აქტები, ასევე, კერძო აუდიტორების მიერ შედგენილ იქნა ყალბი დასკვნები, კრედიტის თითქოსდა მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში – 182 854 ლარი, ხოლო საქმეზე ჩატარებული დროული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოზე დამატებით 293 469 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 210- ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში