ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 3 478-მდე გაიზარდა - ისრაელი 1 400 დაღუპულის შესახებ იუწყება

19 ოქტომბერი 2023, 10:09 664 ნახვა

ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 3478-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 12 000-ს აჭარბებს- ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელის მხარეს კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1400-ს აჭარბებს. 

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში „ჰამასის“ ასობით ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს. სამიზნეებს შორის იყო რაკეტების გაშვების პუნქტები, გვირაბები, სადაზვერვო ინფრასტრუქტურა, ოპერატიული შტაბები და სათავო ოფისები. ასევე აცხადებენ, რომ თავს დაესხნენ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებს ლიბანის საზღვართან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზის სექტორში 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.  

ისრაელი ეგვიპტიდან ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ დახმარებას არ დაბლოკავს, მაგრამ თავისი ტერიტორიიდან ჰუმანიტარული დახმარების შესვლას არ დაუშვებს, სანამ „ჰამასი“ ყველა ტყვეს არ გაათავისუფლებს.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კი პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. თურქეთში მომიტინგეებმა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, სტამბულსა და ანკარაში ისრაელისა და აშშ-ის საკონსულოსთან აქციები გამართეს. პოლიციამ აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზას საავადმყოფოში დაღუპული პალესტინელების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

აქციები მიმდინარეობდა საბერძნეთშიც, სადაც მონაწილეები ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერი განცხადებებით გამოდიოდნენ. 

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, კაპიტოლიუმთან აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, დემონსტრანტები მოგვიანებით შენობაში შევიდნენ, პოლიციამ 300-ზე მეტი პირი დააკავა.

ბერლინში კი, პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად, აქციის მონაწილეები  ნეიკოლნის რაიონში კვლავ შეიკრიბნენ. აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში