ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

20 ოქტომბერი 2023, 19:15 713 ნახვა

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლებელია, სავალდებულო გახდეს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდება.ინიციატივაში მთავრობა იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ზამთარში სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა სავალდებულო იქნება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ორ კანონში - “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტში უკვე შევიდა.

ცვლილებებით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა (პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე) და განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავები არ ექნება, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით – შესაბამისი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 5 ქულით შემცირებას.

ამასთან, მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს ზონებს/გზის მონაკვეთებს, სადაც ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო იქნება, ასევე, განსაზღვრავს საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ტექნიკურ მახასიათებლებს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილი იქნება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა შეუზღუდოს. ცვლილებებით, შესაძლებელი იქნება სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთვას და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში