სასამართლოში სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს

25 ოქტომბერი 2023, 16:29 646 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლის 16 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული მაღალჩინოსნებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომაზე პროკურორებმა გიორგი მუჯირმა და ვლადიმერ ვექილიანმა დაცვის მხარის, ადვოკატების, ბექა ბასილაიას, შოთა თუთბერიძისა და შოთა კახიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

როგორც პროკურორებმა განაცხადეს, აღნიშნული ადვოკატები იცავდნენ იმ პირებს, რომლებმაც აღიარეს მკვლელობა და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. პროკურორის განმარტებით, საქმე არის ინტერესთა კონფლიქტთან და აღიარების შემდეგ აღნიშნულ ადვოკატებს სამართლებრივი უფლება აღარ აქვთ საქმეში იყვნენ ჩართული.

ამასთან, სხდომაზე დაცვის მხარეს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. მათი განმარტებით, რჩებიან ისეთი ბრალდებულების ადვოკატებად, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ, არ ჰყავთ სხვა ადვოკატები და მათი ჩამოშორებით დაირღვევა იმ ბრალდებულთა ინტერესები, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ და მათი დაცვის ქვეშ არიან, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების არგუმენტები არ გაითვალისწინა.

ბრალდებულები გიორგი არაბული და მირზა კონცელიძე სამი ადვოკატის აცილების შემდეგ დაცვის მხარის გარეშე დარჩნენ. ძებნილ არაბულს ადვოკატი სავალდებულო წესით დაენიშნება, კონცელიძეს კი პროკურატურამ კერძო ადვოკატის აყვანა ან სავალდებულო წესით დანიშვნა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ათ პირს პატიმრობა 29 ივლისს შეეფარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში