აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნებოდა ძალიან რთული - ფაშინიანი

26 ოქტომბერი 2023, 12:19 553 ნახვა

ჩვენს ორ მეზობელთან გზები დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს დღეს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს. აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნებოდა ძალიან რთული, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა საქართველოს მთავრობისადმი, პირადად პრემიერ ღარიბაშვილისადმი, როგორც ამ ფორუმის ჩატარებისთვის, ასევე ძალიან თბილი და გულითადი მასპინძლობისთვის. აბრეშუმის გზის შესახებ სასკოლო წიგნებიდან ყველას გვსმენია, შეიძლება არც გვახსოვდეს ბევრი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იმ ძველი აბრეშუმის გზის ისტორიას. ამის ფარგლებში მოისაზრება რამდენიმე გზა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხთა შორის, ქვეყნებს შორის, კულტურებს შორის ახლო ურთიერთობებს. ეს არის შესაძლებლობა, რომ ხალხმა უკეთ გაიცნოს ერთმანეთი. ვაჭრობა მიმდინარეობს არა მხოლოდ საქონლის, არამედ ცოდნის, უნარების თუ სხვა ნებისმიერი ღირებულებების მიმართულებით. თავისთავად, გზა აკავშირებს არა მხოლოდ ქვეყნებსა და ქალაქებს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ერებსაც. ჩვენი საკუთარი მაგალითიდან ძალიან კარგად ვიცით - გზა ორ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან ღიაა და ეს მიმანიშნებელია იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები მეგობრული ხასიათისაა. ჩვენს ორ მეზობელთან გზები დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს დღეს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს. აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო - მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნებოდა ძალიან რთული. ჩვენს რეგიონს სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა, სადაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, აქვთ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ის იმედოვნებს, რომ რამდენიმე თვეში აზერბაიჯანთან მოაწერენ ხელს შეთანხმებას და აღადგენენ ურთიერთობებს. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანია, განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის, ელექტორგადამცემი ხაზების მოდერნიზაციით და აშენებით.

„სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკვე არსებობს უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში. რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის. თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება, ეს გახდეს ეფექტური გზა საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის დაკავშირებისთვის, ეს სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში“, -განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ოთხ პრინციპს.

"პირველი ასეთი პრინციპია ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან. მეორე პრინციპი – თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიების კვეთას, იქნება ეს საავტომობილო თუ ნებისმიერი საშუალებით. აქვე ვიტყვი, რომ უახლოეს პერიოდში სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციის უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები თუ პირები, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებს. მესამე პრინციპი – ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება, იქნას გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტრანსპორტირებისთვის. მეოთხე პრინციპი – ყველა ქვეყანას შეუძლია, ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, სწორედ ამ ორ პრინციპზე დაყრდნობით, სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია შესაძლებელია. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას, ხელახლა გახსნას, ააშენოს ან განაახლოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით. ეს პრინციპები საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია. უახლოეს მომავალში ასევე ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნების მთავრობებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ინვესტორების ჩართულობით ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებიც მონაწილეობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში