პროკურატურა ნიკა თუთაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

26 ოქტომბერი 2023, 16:49 717 ნახვა

პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 11 მარტს, ბათუმში მდებარე კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება ფეხის არეში მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რადგან ჩათვალა რომ ადგილი ჰქონდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებას, აუცილებელ მოგერიებას.

ბრალდების მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბიძე სასამართლომ გაამართლა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში