ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, სერბეთის საგარეო ვაჭრობის და უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა

27 ოქტომბერი 2023, 11:02 425 ნახვა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა, რომელმაც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრულ ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს. მხარეებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული შეთანხმების გავლენა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის ორმხრივი ვაჭრობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. 2023 წლის ცხრა თვის მონაცემით, სავაჭრო ბრუნვა 64 პროცენტით, ექსპორტი კი 60 პროცენტით გაიზარდა.

მინისტრი  სერბეთის ადგილობრივი და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ტომისლავ მომიროვიჩსაც შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

"აღინიშნა, რომ ბოლო წლებში შეინიშნება როგორც ორმხრივი ვაჭრობის, ასევე სერბეთში ექსპორტის ზრდის დინამიკა. კერძოდ, 2022 წელს ვაჭრობის მოცულობა – 152 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 421 პროცენტით გაიზარდა. ანალოგიური სურათი დაფიქსირდა 2023 წლის 9 თვეშიც, სავაჭრო ბრუნვა – 72 პროცენტით, ექსპორტი კი 32 პროცენტით გაიზარდა. ამის მიუხედავად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაჭრობის მხრივ პოტენციალი დიდია, ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ბიზნესკავშირების მეტად განვითარების აუცილებლობას, რისთვისაც საუბარი წარიმართა მეტი ბიზნესფორუმისა და სავაჭრო მისიის გამართვის მნიშვნელობაზე" - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ლევან დავითაშვილმა შეხევდრა გამართა  უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრს ილხომ მახკამოვსთანაც.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ უზბეკეთი დაინტერესებულია, გაზარდოს ტვირთბრუნვა შუა სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც უმოკლესი გზაა ევროპასა და აზიას შორის. აგრეთვე გამოითქვა უზბეკური მხარის დაინტერესება საქართველოს ლოგისტიკური სექტორის მიმართ.

მხარეებმა ასევე აქცენტი გააკეთეს თანამშრომლობაზე ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ჰორეკა სექტორის, საფინანსო მომსახურების და სხვა სფეროებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში